ქართული მეზობლობა იტალიაში – მეტი რა არის ემიგრანტისთვის საამებელი?

 ქართული მეზობლობა იტალიაში – მეტი რა არის ემიგრანტისთვის საამებელი?
“კორპუსში, სადაც მე ვცხოვრობ, მდიდრების დასახლებას ეძახიან, მეხუთე სახლია რაც გამოვიცვალე ნებსით თუ უნებლიეთ. პირველად კორპუსში ვიყავი სადაც ძლივს მივეჩვიე პირველსა და მიწისქვეშა სართულს, სულ მიწისქვეშ ჩავდიოდი ხოლმე“ – წერს ქართველი ემიგრანტი იტალიაში თეონა ჭანტურია.
– მეორე სამსახური ეზოიანი სახლი იყო, თუმცა ეზო მოზრდილი დერეფნის ტოლა თუ იქნებოდა და იქ გასასვლელად ნებართვა მინდოდა, რვა თვის განმავლობაში, რაც იმ ოჯახში დავყავი, მარტო ბებიას გარეშე, ეზოში რვაჯერ არ ვიქნები განასვლელი, ხუთშაბათს და კვირას თუარ ჩავთვლით, ქალაქში გასვლის დღეებს. მომდევნო სამსახური მართალია კარგი შემხვდა, მაგრამ ბაბუას, მხოლოდ საოჯახო ნარჩენების გატანისას, დასვენების დღეს შემცირებული დროით და ძილის დროს თუ დავტოვებდი, სამაგიეროთ აივანზე ვიჯექით მე და ბაბუა და ვჭუკჭუკებდით დილასა თუ საღამოს. მეოთხე სამსახური სრული ჯოჯოხეთი იყო. არაფრის სურვილი არ მქონდა ისე ვიღლებიდი, იქ სახლიდან, მხოლოდ საოჯახო ნარჩენების გატანისას ვსაუბრობდი ტელეფონზე და ბოლოს ისიც ამიკრძალა.
ეხლა ამ უბანს და დროს რაც შეეხება, აქაც ვიღლები საქმის გარეშე ვინ გადაგიხდის რამეს, მაგრამ შემიძლია აივანზე გავიდე ადამიანურად შემიძლია კორპუსის უდიდეს ბაღში ჩავიდე პომერიჯოზე (შუადღით), ზოგჯერ ბაბუა მთხოვს გაზეთები ამოვიტანო, რომელიც ირგვლივ ყველა კორპუსის პორტიერს აქვს, თავის პატარა ოთახში რომელიც განსაკუთრებულად მისთვისაა აშენებული.
საოცრება ისაა, რომ უკვე ოთხი ქართველი ვიპოვე. სამი ჩემს კორპუსში და ერთი მეზობელ კორპუსში. საამოა ხოლმე მათი დანახვა. მე შენ გეტყვი და ამ კორონობის დროს, არ ესტუმრო ვისმე. აქ მეზობლობა ვინ იცის, თუმცა, არიან ქართველები, რომლებიც თუ ერთად მოხვდნენ, მეზობლობენ ხოლმე თუ მოხუცები ან მათი პატრონები, არ არიან წინააღმდეგნი. მე ბედი ვინ მომცა, თუმცა, რაც დამსაქმებელი ოჯახები გამოვიარე, იმათთან შედარებით, ეს ბოლო კრემლია, დასვენების და გასეირნების პირობებით. მოეპრიანება ჩემს მოხუცებს, გამოეწყობიან მეც დამელოდებიან, სანამ ამ უსაშველოდ რთულად ჩასაცმელ ბოტასს მოვირგებ ფეხზე და ჰაიდა, ბაბუა საჭესთან, “მოლიე“ (მეუღლე) გვერდით, მე მანქანის უკანა სავარძელზე, როგორც ბავშვობაში, დედა და მამა გვერდი-გვერდ, შვილები უკან და დავლაშქრავთ ასე ზღვის სანაპიროს. იციან, რომ მე ნაყინი მიყვარს, მიყიდის ბაბუა.
ხოდა, იმის თქმა მინდა, იმდენი ვიწვალე აქამდე მოსვლაში, ყოველ ახალ ემიგრანტზე უზომოდ ვდარდობ, ენის და ხალხის შესწავლამდე უზომოდ რო დაიტანჯებიან. ერთს გთხოვთ, ვინაც ხელს უწყობთ დასაქმებაში ახალ ჩამოსულ ემიგრანტებს, გადახდით თუ უანგაროდ, (თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე), მიაქციეთ რა ყურადღება, თორემ ყველა ვერაა ისეთი ძლიერი, აქაურ შეზღუდვებს და აკრძალვებს, რომ გაუძლოს. აქ ფიზიკურად შრომობენ და კიდევ ფსიქოლოგიური ზეწოლა რთულია, თუნდაც ცუდი კვება, უსასრულოდ გაღიზიანებული მოხუცი. სხვას ყველაფერს მოევლება ნელ-ნელა მიეჩვევა ადამიანი.
ხოდა ასეა მოვრჩი, ჩემს დილის ჩანახატს, იმ პოსტსკრიპტუმით, ერთმანეთს გვერდი არ ავუაროთ ქართველებო, უნებლიე შეცდომები არ დაუთვალოთ და სააშკარაოზე არ დავდოთ. ვისწავლოთ, მოვეფეროთ და მივეჩვიოთ ისეთებს როგორებიც არიან. ქვემოდან, მეხუთე სართულზე, აივნაზე ტელეფონით, როცა მე და ჩემი მეზობელი მთავარო ვსაუბრობთ ხოლმე და სიყვარულით მოვიკითხავთ ერთმეთს, მე ბედნიერი ვარ.  როცა ქუჩაში გავდივარ, ჩემი მეგობრების ნახვა გულს მიხარებს, მეტი რა არის ემიგრანტისთვის საამებელი? საქართველოში, მისი ხალხის კარგად ყოფნა და აქ სიმშვიდე და კარგი მეგობრები.
თეონა ჭანტურია 2021 წელი
Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ